საბაკალავრო პროგრამის დასახელება: ეთნოლოგია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ეთნოლოგიის ბაკალავრი
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ქეთევან ხუციშვილი
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
ECTS 240 კრედიტი
პროგრამის სტრუქტურა/ECTS-მოცულობა
სავალდებულო საფაკულტეტო კურსები 50 ECTS კრედიტი
ძირითადი პროგრამა (Major) 120 ECTS კრედიტი
დამატებითი პროგრამა (Minor) 60 ECTS კრედიტი
თავისუფალი 10 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზანი
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს დარგის ფართო თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები, რომელთაც შეეძლებათ მონაწილეობის მიღება ეთნიკურ პრობლემათა განხილვა-მოგვარების მიმართულებით წარმართულ საქმიანობაში. ეთნოლოგიის დარგში ფართო და ზოგადი ცოდნის ფონზე მომზადებული სპეციალისტი აღჭურვილი იქნება იმ დარგობრივი კომპეტენციებითა და უნარებით, რომლებიც უზრუნველყოფს მის შრომით დასაქმებას.
მიზნის მისაღწევად პროგრამა ითვალისწინებს თანამედროვე გამორჩეული ეთნოლოგიური მეთოდების, თეორიებისა და პრაქტიკული ცოდნის მქონე სპეციალისტების მომზადებას, რომელთაც შეეძლებათ მსოფლიოს ხალხთა სოციო-კულტურული განსხვავებულობის რელატივისტური კვლევის უნარი; მიმდინარე ეთნო–კულტურულ პროცესებზე დაკვირვება და მათი განვითარების პერსპექტივების პროგნოზირება. ეთნოსთაშორის ურთიერთობებზე მოქმედი ფაქტორების, ეთნოსთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიციული სისტემებისა და თანამედროვე მექანიზმების შესახებ არსებული ცოდნის გამოყენება; სხვადასხვა სახის კონფლიქტების (იქნება ეს ეთნიკური, რელიგიური, სოციალური თუ სხვა) ჩამოყალიბების მიზეზების, განვითარების შესაძლო ვარიანტების, სავარაუდო შედეგების ანალიზი; არსებული ეთნოგრაფიული რეალობის (ეთნიკური თუ ეთნოგრაფიული თავისებურებების) ფიქსაცია, რიგ შემთხვევებში ზოგიერთი ტრადიციული ელემენტის რევიტალიზაციის (მაგ. სოციალური კონტროლის მექანიზმები, ურთიერთდახმარების ფორმები და სხვა) მიზანშეწონილების დასაბუთება.
პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს ეთნოგრაფიული რეალობისა და თავისებურებების (განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება კავკასიის რეგიონსა და საქართველოზე) მცოდნე კვალიფიციური სპეციალისტი, რომლისთვისაც კარგად იქნება ცნობილი კავკასიისთვის დამახასიათებელი პრობლემები, რეგიონში მცხოვრები ხალხების ისტორიულ-კულტურული ურთიერთობები, მათი ყოფა და ისტორიის ხანგრძლივ პერიოდებზე გავლენის მქონე ღირებულებათა სისტემები, ეთნიკური კატეგორიები, ინტერეთნიკური ურთიერთობების მარეგულირებელი ფაქტორები. პროგრამა იყენებს დარგში სწავლებისა და კვლევის თანამედროვე საერთაშორისო მიღწევებსა და მეთოდებს, მსოფლიოს წამყვანი სასწავლო და კვლევითი ცენტრების გამოცდილებას.
ეთნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა მასში ჩართული აკადემიური რესურსით, სასწავლო კომპონენტით მიზნად ისახავს, მოიცვას დარგის ფართო ცოდნა და ბაკალავრის მომზადებისას გაითვალისწინოს ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნები, აგრეთვე უზრუნველყოს საკუთარი კურსდამთავრებულისთვის შესაბამისი და მომიჯნავე სპეციალობებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. პროგრამის მულტიდისციპლინური პროფილის გამო ეთნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს აქვთ არა მხოლოდ ჰუმანიტარულ, არამედ სოციალურ მეცნიერებათა პროფილით სწავლის გაგრძელების პერსპექტივა.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება: ეთნოლოგიის ბაკალავრს აქვს დარგობრივი თეორიული ცოდნა ეთნოლოგიური მეცნიერების ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიის, ძირითადი თეორიული მიდგომებისა და მიმდინარეობების, დარგის განვითარების თანამედროვე ტენდეციების შესახებ. ის იცნობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ეთნოსი (ხალხი) და მისი მახასიათებლები - მატერიალური და სულიერი კულტურა, ნათესაობის სისტემები, სოციალური და პოლიტიკური სტრუქტურები, ფსიქოლოგიური თავისებურებები და ეთნიკური ხასიათი, ღირებულებათა სისტემა, კულტურათაშორისი მიმართებანი და კულტურის დინამიკა, აღზრდის ტრადიციები და ქცევის ნორმები. მას ათვისებული აქვს მსოფლიოს ხალხთა წარმოშობისა და განსახლების, მათი ანთროპოლოგიური, ლინგვისტური და კულტურული კუთვნილების საკითხები. მიღებული ცოდნა აძლევს პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობას წარმოიდგინოს მსოფლიოს ეთნიკური სურათი, გააკეთოს მოვლენათა ისტორიულ-ეთნოლოგიური ანალიზი და განსხვავებულ კონტექსტში აღიქვას ისტორიული და მიმდინარე პროცესები; განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს საქართველოსა და კავკასიის ეთნოლოგიური პრობლემების შესწავლაზე. ის დაუფლებულია რომელიმე ევროპულ ენასა და იცის ერთ-ერთი კლასიკური ან აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება: პროგრამა კურსდამთავრებულს სძენს პრაქტიკულ გამოცდილებას, ეთნოლოგიური მეთოდების გამოყენებით მოახდინოს მასალის ფიქსაცია-კლასიფიკაცია და ანალიზი. კურსდამთავრებულს შეუძლია მონაწილეობის მიღება ეთნიკურ პრობლემათა განხილვა-მოგვარების მიმართულებით წარმართულ საქმიანობაში. შეუძლია გაანალიზოს რეგიონში მიმდინარე ეთნო-კულტურული პროცესები, რაც გავლენას ახდენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია ზოგად თეორიული და გარკვეული პრაქტიკული (საველე პრაქტიკის გავლისას მიღებული) ცოდნის საფუძველზე გამოიყენოს თეორიული მიდგომები და არგუმენტები სხვადასხვა ეთნო-კულტურულ პრობლემასთან მიმართებაში, შეკრიბოს საჭირო მასალა, სათანადო მეთოდების გამოყენებით და მოახდინოს მონაცემთა ინტერპრეტაცია დარგში არსებული თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით,
დასკვნის უნარი: პროგრამის კურსდამთავრებული ფლობს ისეთ უნარებს, როგორიცაა ანალიზისა და სინთეზის უნარი (კოგნიტიური უნარები); მას შეუძლია მონაცემთა განზოგადება და თეორიული მეთოდების გამოყენებით განმაზოგადებელი დასკვნების გამოტანა.
კომუნიკაციის უნარი: პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის, ასევე იდეებისა და პრობლემების შესახებ მსჯელობის უნარი; ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარი და ეთიკური პასუხისმგებლობა (სოციალური უნარები).
სწავლის უნარი: კურსდამთავრებულს გამომუშავებული აქვს სწავლისა და კვლევითი და პრაქტიკული ხასიათის პროექტების დაგეგმა-ორგანიზების უნარი; სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მიღებისა და გამოყენების უნარი (ტექნოლოგიური უნარი);, სისტემური უნარებიდან შეძენილი აქვს დამოუკიდებელი სწავლისა და მუშაობის უნარები.
ღირებულებები: პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს სამყაროს რელატივისტური ხედვის, შესაბამისად, შემწყნარებლობისა და სამოქალაქო, ღია საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ღირებულებები, მას შეუძლია ამ ღირებულებათა ფორმირების პროცესში მონაწილეობა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა.
დასაქმების სფეროები
პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია საქმიანობა გააგრძელოს სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებში, პედაგოგიკის დამატებითი პროგრამის არჩევისა და მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კი ზოგად-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საჯარო სკოლებში მასწავლებლად მუშაობა.
პროგრამის კურსდამთავრებულებს ასევე შეეძლებათ იმუშაონ კულტურის და ეთნიკური საკითხებით დაკავებულ სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებში. ისინი შეიძლება დასაქმდნენ რეგიონის ეთნო-კულტურული, ყოფითი, ეკონომიკურ-პოლიტიკური პრობლემების გადაჭრით დაკავებულ ორგანიზაციებში, მასობრივი მედიის საშუალებებში, ტურისტულ სააგენტოებში.